English / ქართული / русский /
ნუცა მჭედლიშვილი
გლობალური ინოვაციური ინდექსის მაჩვენებელი საქართველოსთვის და მისი ანალიზი

ანოტაცია. სტატიში გადმოცემულია გლობალური ინოვაციური ინდექსის,როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის არსი და მნიშვნე¬ლობა. აღწერილია მისი დინამიკა საქართველოსთვის,შეფასებულია მისი ძლიერი და სუსტი შემადგენელი ნაწილები ქვეყნისთვის,რის საფუძველზეც დასახულია საქართ¬ველოს ეკონომიკური განვითარების მთავარი გამოწვევები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, ინდიკატორი, დინამიკა, ინდექსი, ანალიზი.                                        

შესავალი

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინოვაციურობა აუცილებელია განვიხილოთ, როგორც არასტანდარტული, კრეატიული იდეების რეალიზაციის ფორმა როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ხელოვნებაში. ინოვაციური ეკონომიკა, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, ეს არის საზოგადოება, რომელიც თავის ძირითად მოგებას იღებს ტექნიკური სიახლეებისა და გამოგონებების შექმნისა და ექსპლუატაციის გზით. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ინოვა­ციური ეკონომიკა უნდა დაუკავშირდეს ცნებას - ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა. მაგალითად, გ.ზ. მილნერი აღნიშნავს, რომ საბაზისო განათლება, მუშაკთა პროფე­სიულ-ტექნიკური მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთ­ხოვნების შესაბამისად, ასევე ნოვატორული აზროვნების განვითარების მხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკური და ტექნიკური პროგრე­სისათვის, ინოვა­ციური, ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის (Мильнер В.З., 2005). დღეისათვის ყველა დონეზე ხშირად ჟღერს თეზისი ინოვაციური საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ და რა არის ეს? ინოვაციური საზოგადოება - ეს არის თავისუფალი და შემოქმედი ადამიანების საზოგადოება, საზოგადოება, რომელიც ღიაა ყოველი სიახლისადმი, მათ შორის, სიახლეებისადმი ეკონომიკურ ცხოვრებაში. ინოვაციურ საზოგადოებაში სახელმწიფოს ზედმეტი როლი ისევე საშიშია, როგორც მისი უკმარისობა. 

ინოვაციური ეკონომიკი სფორმირების

ფუნდამენტური პირობები

განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება და ფუნქციო­ნირება ხდება შემდეგი ფუნდამენტური პირობების არსებობისას:

  1. მიზანმიმართული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა;        
  2. ეფექტური სამართლებრივი სისტემა (საკანონმდებლო უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემა);                                                          
  3. მაღალკონკურენტული ბიზნესგარემო და მიმზიდველი კლიმატი უცხოელი და ადგილობრივი მაღალტექნოლოგიური ინვესტორებისათვის;
  4. სტრატის არსებობა – ი. შუმპეტერისა და ბ. ა. ლუნდვალის გაგებით;
  5. ფინანსური ინსტიტუტები და ფინანსური რესურსები;
  6. განვითარებული მეცნიერების, განათლების და კადრების მომზადების სისტემა;
  7. ინოვაციური ინფრასტრუქტურა.

თანამედროვე რეალობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების წინაშე მრავალი გამოწვევა არსებობს. საქართველო არ არის გამორჩეული რაიმე მნიშვნე­ლოვანი ბუნებრივი რესურსით, ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარება დაეფუძნოს ინოვაციური ეკონომიკის მოდელს.ეს მიდგომა მხარდაჭე­რილია არა მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტების მხრიდან, არამედ საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020”. 

ინოვაციის გლობალური ინდექსი -

ინოვაციის დონის მაჩვენებელი

ინოვაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესსექტორის განვითარე­ბისთვის. ის ხელს უწყობს მაღალ კონკურენტუნარიანობას, რასაც თავის მხრივ, წვლილი შეაქვს ბიზნესისა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებაში. სხვა­დასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ იქ, სადაც განვითარებულია ინოვაცია, მაღალია საზოგადოების ცხოვრების დონე. ეს კი განვითარებული ეკონომიკის ცალსახა ინდი­კატორია.

 მსოფლიო ბანკის შეფასებით, ინოვაცია ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში და ეკონომიკური ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. ვინაიდან ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას, ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ინოვაცია წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების შანსს, არ ჩამორჩნენ განვითარებულ სამყაროს და მდგრადი განვითარების გზით გააუმჯობესონ ცხოვრების დონე.

 მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლო 12 წელია სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციების დონეს ინოვაციის გლობალური ინდექსით (GII) ზომავენ და ყოველ­წლიურად კვლევა კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლა INSEAD-ისა და ინტე­ლექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით მზადდება. 

ინოვაციის გლობალური ინდექსის

არსი და მნიშვნელობა

ინოვაციის გლობალური ინდექსის განსაზღვრის მიზანია ინოვაციის მრავალ­განზომილებიანი მხარეების ხაზგასმა და იმ ინსტრუმენტების განსაზღვრა, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების ზრდას. ინოვაციის გლო­ბალური ინდექსი 80 ინდიკატორისგან შედგება, რაც შემდეგ შვიდ ჯგუფში ერთიან­დება:

  • ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს­გარემო);
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);
  • ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
  • ბიზნესგარემო (კრედიტები, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
  • ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
  • ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
  • შემოქმედებითობა (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედებითობა).

 ინდექსით განსაზღვრულია ქვეყნები (129 ქვეყანა) რიგითობის მიხედვით. აგრეთვე განზოგადებულია რეგიონების რეიტინგი, მათში შემავალი ქვეყნების ინოვაციის გლობალური ინდექსების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მოწინავე ადგილებს ძლიერი ეკონომიკისა და მრავალფეროვანი ინდუსტრიის მქონე ქვეყნები იკავებენ. 2019 წლის რიგით მე-12 რეიტინგით, ინოვაციების ყველაზე მაღალი დონით პირველი ადგილი შვეიცარიას უჭირავს 67,24 ქულით (100-დან), რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ხუთეულში მას მოსდევს  შვედეთი, აშშ, ნიდერლანდები,დიდი ბრიტანეთი. 

ცხრილი 1

                                        

ცხრილი 2

საქართველოს მაჩვენებლები ინოვაციის გლობალური ინდექსის

კვლევაში და მისი მიმოხილვა

  

2019 წლის ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევაში საქართველო თერთმეტი პოზიციით დაწინაურდა და 37  ქულით 48-ე ადგილს იკავებს.

 ინოვაციის გლობალური ინდექსის კვლევა ადგენს აგრეთვე ქვეინდექსებს ინოვაციების დანახარჯების (Innovation input) და ინოვაციური პროდუქტისთვის (Innovation output), რომლის მიხედვითაც, საქართველო დანახარჯების კუთხით 25,65 ქულით 62- ე ადგილზეა, ხოლო პროდუქციის მხრივ - 44.44 ქულით 53-ე ადგილზე.

კვლევაში საქართველო დასახელდა იმ 20 ქვეყანას შორის, რომლებიც ქვეყნის განვითარებასთან შედარებით  ინოვაციების განვითარების კუთხით მაღალ შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოსთან ერთად წარმოადგენს: მოლდოვა, ვიეტნამი, ინდოეთი, კენია, სომხეთი, უკრაინა, მონღოლეთი, მალავი, მოზამბიკის რესპუბლიკა, რუანდა, ტაილანდი, მონტენეგრო, ბულგარეთი, მადაგასკარი, სერბეთი, კოსტარიკა, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი და კოლუმბია.

 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს 48-ე ადგილი განაპირობა სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით შემდეგმა რიგითობამ: 

დიაგრამა 1

        

ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, თვალსაჩინოა რომ საქართველოს შედარებით ძლიერ მხარეს ინსტიტუციური სიძლიერე წარმოადგენს (36-ე ადგილი), რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ, ბიზნეს და მარეგულირებელ გარემოს მოიცავს. იგივე შეიძლება ითქვას ბიზნესგარემოზე (მე-15 ადგილი), რაც კრედიტის აღების სიმარტივეს, ინვესტიციებს, ვაჭრობას და კონკურენციას გულისხმობს. ეს ნაწილი კარგად ჩანს მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის ანგარიშში. 

მსოფლიო ბანკის  Doing Business   

2019 წლის ანგარიში

მსოფლიო ბანკის  2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.

საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. 

საქართველო პირველ ათეულშია შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

—  ბიზნესის დაწყება - მე-2 პოზიცია;

—  მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა -   მე-2 პოზიცია;

—  ქონების რეგისტრაცია – მე-4 პოზიცია;

—  კონტრაქტების აღსრულება – მე-8 პოზიცია.

2019 წელს საქართველომ პირველი პოზიცია დაიკავა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (23 ქვეყანას შორის) გატარებული რეფორმების მიმართულებით.

ქვეყანაში განხორციელდა 50 რეფორმა როგორც ინსტიტუციური, ასევე მარეგულირებელი გარემოს დახვეწის კუთხით. 

საქართველოსთვის ინოვაციური გლობალური ინდექსის

სუსტი ინდიკატორები

ინოვაციური გლობალური ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველოსთვის განსაკუთრებულად სუსტ მხარედ უნდა ჩაითვალოს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა (70-ე ადგილი), რაც მოიცავს დასაქმებულთა ცოდნის დონეს, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობას და ცოდნის მიღების შესაძლებლობას. იგივე უნდა ითქვას შემოქმედებით ნაწილზე (58-ე ადგილი), რაც ფარავს არამატერიალურ აქტივებს, შემოქმედებით პროდუქტსა და მომსახურებასა და ელექტრონულ შემოქმედებითობას.საქართველოსთვის ინოვაციის გლობალური ინდექსის ორი სუსტი ინდიკატორის - განვითარებული მეცნიერების, განათლებისა და კადრების მომზადების სისტემა და ინოვაციური ინფრასტრუქტურა - გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს ინფორმაციულ-კომუნიკაციური სისტემების შექმნასა და მოწინავე უცხოური მიღწევების გაზიარების უზრუნველ­ყოფაში,რაც ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო პრაქტიკაში. სახელმწიფოს მნიშვ­ნელოვან ფუნქციას წარმოადგენს აგრეთვე ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა და დაფინანსება. ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ტექნოპარკები, ტექნოპოლისები, ბიზნესინკუბატორები, ტექნიკურ-დანერგვითი განსა­კუთრებული ეკონომიკური ზონები, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრები, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრები, სასწავლო-საქმიანი ცენტრები და სხვა. საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესინკუ­ბატორებს, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ ქვეყანაში ბიზნესმენთა კლასისა და მეწარმეთა მცირერიცხოვანი სტრატის ფორმირებასაც კი. 

დასკვნა

გლობალური ინოვაციური ინდექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონო­მიკური ინდიკატორია. საქართველოში ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალი­ბებისათვის აუცილებელია შემდეგი ფუნდამენტური პირობები: მიზან­მიმართული და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს არსებით სტრუქ­ტურულ გარდაქმნებს: ეფექტური სამართლებრივი სისტემა - საკანონმდებლო უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემა; უცხოელი და ადგილობრივი მაღალ­ტექნოლოგიური ინვესტორებისათვის მაღალკონკურენტული ბიზნესგარემოსა და მიმზიდველი კლიმატის უზრუნველყოფა; მეწარმეთა სტრატის ფორმირება; ფინანსური რესურსები და ინსტრუმენტები; განვითარებული მეცნიერების, განათლებისა და კადრების მომზადების სისტემა; ინოვაციური ინფრასტრუქტურა.

მიზანშეწონილია, ეტაპობრივად განხორციელდეს ქმედითი ღონისძიებები ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემის როგორც ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისათვის, ასევე რეგიონის მეგობარ ქვეყნებთან კვლევითი საქმიანობის სფეროში კოოპერაციის განვითარების მიზნით.

ინოვაციის გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს პოზიციის დაწინაურება მისასალმებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც კომპლექსური მიდგომა და დაძლევა სჭირდება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. სიგუა . 2016. „ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ძირითადი ტენდენ­ციები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში”. თბილისი.

2.ქოქიაური . 2017. ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ - ინო­ვაციური სისტემის კონცეფციის კონცეპტუალური საფუძვლები. თბილისი.

3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვი­თარების სტრატეგია. საქართველო 2020. თბილისი 2014.

4. www.geostat.ge-ის მონაცემები.

5. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საჯარო ინფორმაცია.

6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ის კვლევები.